Mziskari

მზისკარი შენთვის ღიაა -
აქ საქართველოს გასტრონომიულ გზამკვლევს გაეცნობი და რეგიონებში არსებულ ოჯახურ მასპინძლებს აღმოაჩენ

სტუმარი
ღვთისაა

ვინც მოვიდა
გაუმარჯოს!

გემრიელად
მიირთვი

სტუმარი
ღვთისაა

ვინც მოვიდა
გაუმარჯოს!

გემრიელად
მიირთვი

ახალი ამბები

გაეცანი გასტრონომიულ ობიექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

16 ოქტომბერი / 2024

euronews

რატომ შემიყვარდა საქართველო

თბილისისა და კახეთის მონახულებისას დააგემოვნე ღვინო და კერძები და იმოგზაურე მიხვეულ-მოხვეულ გზებზე.

ნახე მეტი

19 დეკემბერი / 2022

georgia.travel

ქართული სამზარეულო

საქართველო ერთი დიდი გაშლილი სუფრაა თავისი წეს-ჩვეულებებით, ცეკვა-სიმღერით, თამადობის მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტით, ესთეტიკითა და, რაღა თქმა უნდა, კერძებით.

ნახე მეტი

ახალი
მასპინძლები

გაეცანი მასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

კახეთი

ლაგვანი

კახეთის მოსანახულებლად მიზეზს რა დალევს, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად “ლაგვანში სტუმრობა აუცილებლად უნდა მოინიშნო. ლაგვანის ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც სანათას ოჯახმა ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყო და მათი სახლის კარიც სტუმრებისთვის ფართოდ გაიღო. მათი მიზანია, სტუმარმა საქართველოდან არა მხოლოდ გემრიელი მოგონებები, არამედ ემოციებით სავსე გული და უნიკალური კულტურული გამოცდილებაც წაიღოს.

ქ. ახმეტა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #36ბ 

გურია

ტაბერნე გურიაში - აცანა

ტურისტული ობიექტი სტუმრებს ჭიშკრიდანვე განსაკუთრებულ გამოცდილებას ჰპირდება. მასპინძელი კესო მახარაძე პროფესიით ჟურნალისტია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისთვის ადამიანური ემოციები და ისტორიები ყველაზე მნიშვნელოვანია. დავიწყებული გურული კერძების რეცეპტების მოძიებითა და მათი გაცოცხლებით „აცანა“ უნიკალურ ადგილად იქცა. თანაც ამ კერძებს სტუმრები და მასპინძელი ერთად ამზადებენ და ემოციების კორიანტელს ქმნიან. ეს ემოციებია ის, რაც გურულ მასპინძლობას ახასიათებს - ციცხალი გემო, ქორფა არომატი და კერძების გაზიარების სისხარტე. „აცანაშიც“ სწორედ ასეთი გამასპინძლების ტრადიცია არსებობს, აქ თითოეული სტუმარი ღვთის საჩუქარია, მასპინძლისთვის გამოგზავნილი. ამიტომ თუ გსურს, ნამდვილი გურია აღმოაჩინო, მაშინ ტაბერნე გურიაში „აცანას“ ესტუმრე.

სოფ.აცანა, ლანჩხუთი 

სამეგრელო

სისატურა

„სისატურაში“ ადგილზე მოყვანილი ნედლეულით შექმნილი ტრადიციული კერძები აცოცხლებს მეგრული გასტრონომიის საუკეთესო გამოცდილებას, აღდგენილი საცხოვრისები და რიტუალებსა თუ კერძის მზადებაში ჩართვის შესაძლებლობა კი სამეგრელოს ისტორიის ხელშესახები სახელმძღვანელოა. ჭითანავების ოჯახი 2019 წლიდან ჭიშკართან ხვდება თითოეულ სტუმარს და ფართოდ უღებს მათ კარს შავი ზღვის პირას მდებარე მდიდარი და მრავალფეროვანი სამეგრელოსკენ, მისი სულის ბოლომდე შესაცნობად - გასტრონომიით, ფოლკლორით, ისტორიითა და ტრადიციებით. თუ გსურს, ამ გამოცდილების ნაწილი გახდე, ესტუმრე პატარა სამეგრელოს - „სისატურას“.

სოფ. ჩხორია, ზუგდიდი 

იმერეთი

რძლები

მაკარიძეების ოჯახის გასტრონომიული თავგადასავალი 2014 წელს ბუნებრივი მეღვინეობით იწყება. ამ სფეროში მიღწეულმა წარმატებამ, მათ ბიძგი მისცათ, სტუმრებისთვის ღვინოსთან ერთად ტრადიციული, მივიწყებული იმერული კერძებიც შეეთავაზებინათ. ასე დაიწყო რძლების ისტორია. სახელიც ლოგიკურია - მეღვინე ძმების, მაკარიძეების მეუღლეები - ქეთო და ელა, გასტრონომიულ ობიექტს ჩაუდგნენ სათავეში, დაიწყეს ორგანული მებოსტნეობა და მეცხოველეობა, რითაც „რძლებს“ საჭირო ნედლეულით ამარაგებენ. თუ გსურს ნამდვილი იმერული გემო შეიგრძნო, რძლებში გელიან.

ქ. თერჯოლა 

კახეთი

ლაგაზის მარანი

ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ და შესაბამისად, მათი მენიუ დატვირთულია ძირითადად თუშური კერძებით - მწყემსური ყაურმა, კოტორ (თუშური ხაჭაპური), თუშური ხინკალი, დათხური , გორდილა და თუშური სამკუთხა პური -ეს ის კერძებია რომელიც “ლაგაზში” მისულ სტუმარს ხვდება და სურვილის შემთხვევაში მასპინძელთან ერთად ამზადებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ პურის ცხობის პროცესს ძველი ქართული ფქვილით, მოინახულონ ხორბლის ყანა და წისქვილში ფქვილის დაფქვას დაესწრონ.

სოფ. ზემო ალვანი, ახმეტა 

კახეთი

კოჭბაანის სახლი

„კოჭბაანის სახლს“ საკუთარი ისტორია აქვს- ეს იყო ადგილი, სადაც მუდამ სითბო ტრიალებდა და დიდი სტუმრიანობა სუფევდა. სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელების სურვილით, ანა ზაალიშვილმა და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს, სახლი უფრო ფართო სივრცედ ექციათ – ისეთად, სადაც კარი არასოდეს იკეტება და არც ერთი დღე ჩაივლის სტუმრის გარეშე. ყველა ინგრედიენტი, რომლითაც კერძები მზადდება, ოჯახურ მეურნეობაშია მოყვანილი და ზუსტად გამოხატავს სახლის მთავარ ფილოსოფიას: „ფერმიდან – სუფრაზე.“ მენიუ შედგება ტრადიციული ქართული კერძებისგან, რომელთა ავტორი და დიდი სახლის დიასახლისი ანას დედა – ლალია. მისი მთავარი მიზანია, რომ თითოეულ კერძს ჰქონდეს ერთი განსაკუთრებული საკმაზი – მოგონებისა და ბავშვობის გემო. ეს არის გემო, რომელიც გაბრუნებთ იმ ზაფხულებში, როცა სოფელს სტუმრობდით და ბებია სიყვარულითა და სითბოთი გიშლიდათ სუფრას. უკვე წლებია, „კოჭბაანის სახლის“ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს დატკბეს ნატურალური და გემრიელი კერძებით, სუფთა ჰაერითა და თბილი გარემოთი და, თუნდაც მცირე ხნით, ისევ დაბრუნდეს ბავშვობის უდარდელ სამყაროში.

სოფ. კოჭბაანი, საგარეჯო 

რაჭა-ლეჩხუმი

ზანდურის სახლი

„ზანდურის სახლის“ ისტორია საოჯახო სასტუმროდან იწყება, თუმცა ნამდვილი სტუმართმასპინძლობის ერთ-ერთი ინგრედიენტი გემრიელ კერძებსაც გულისხმობს. ამ იდეამ მათ ბიძგი მისცა, შეექმნათ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება, თუმცა აქ სტუმრები არა მხოლოდ გემრიელ კერძებს აგემოვნებენ, არამედ ნამდვილ ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობასაც ეზიარებიან, რაც მათ გამოცდილებას განუმეორებელს ხდის.შეაღე „ზანდურის სახლის“ კარი, სადაც დაგხვდება - ადგილობრივი კერძები უნიკალური გემოთი, სახლში დამზადებული სასმელები და უხვი, გულთბილი მასპინძლობა.

სოფ. ღვირიში, ცაგერი 

იმერეთი

აგროსახლი ქორენა

საცხოვრებლად სოფელში გადასვლის შემდეგ მაიკო კეზევაძემ საკუთარ სახლში პატარა სამასპინძლო გახსნა. სტუმრებს ნამდვილი იმერული კერძებით უმასპინძლდებოდა და თავის კუთხეს მთელი დიდებულებით აცნობდა. ასე გადაიქცა აგრო-ტურისტული ობიექტი გასტრო-ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეულ სამასპინძლოდ. მივიწყებული ადგილობრივი კერძები, რომლებიც „ქორენაში“ ცოცხლდება და რომლის მომზადებაში ნებისმიერ სტუმარს შეუძლია ჩაერთოს, მაგიდასთან ტრადიციული იმერული წესით მიდის. ეს კი ჯადოსნური მოგზაურობაა ძველ იმერეთში, სადაც მასპინძლისთვის ყველა სტუმარი განსაკუთრებულია. ოჯახური სამასპინძლო ყველაზე ნათლად ამჟღავნებს იმ პეწს, რომელიც იმერეთში მოგზაურობას და იმერლების მასპინძლობას ახასიათებს. თუკი იმერეთის შუაგულში იმერული სულის ამოცნობა გინდა, „ქორენაში“ გელიან.

სოფ. გელათი, ტყიბული 

სვანეთი

აგრა უშგული

უშგული თავის ისტორიას თავად ყვება, აქ ყველა ადგილს, ყველა კოშკსა და ყველა სახლს თავისი წარსული აქვს, რომელიც აწმყოს თავისებურად მოერგო, აქ ყველაფერი ხელუხლებელია, ამიტომაცაა, რომ უშგულში სტუმრობა ყველა ადამიანში ტოვებს რაღაც ისეთს, რაც შემდეგ, არასოდეს გავიწყდება. კიდევ რა უნდა იყოსო, იტყვის კაცი, აქაურობის არ დავიწყებისთვის - ჩვენ კი გეტყვით, რომ ეს სვანური მასპინძლობაა, რომელიც ისეთი დაუვიწყარია, როგორც აქაური გარემო. კაფე აგრა — ეს არის ადგილი უშგულში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული სვანური კერძები თანამედროვე ფორმით, როგორიცაა: მერწვი, ჭიშდვარი ხემსთან ერთად, მაწვნის წვნიანი სვანური ნარჩვით, კუბდარი, ფეტვიანი ხაჭაპური და სხვა მრავალი. მინდია ჩანქსელიანისა და ნატა დოლაკიძის მთავარი მიზანია, გააცნონ სტუმარს თავიანთი კუთხის ისტორია და ცოცხალი კულტურა - ტრადიციული კერძების მეშვეობით.

სოფ. მურყმელი, უშგულის თემი, მესტია 

აჭარა

ანა-თეო

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში შეხვდებით ტრადიციულ აჭარულ ოჯახურ კაფე “ანა-თეოს”, რომელიც წლებია სტუმრებს იღებს, უყვება ადგილობრივ ტრადიციულ კერძებსა და ისტორიაზე და აცნობს აჭარას არა მხოლოდ როგორც მხარეს, არამედ როგორც ერთ-ერთ საინტერესო მრავალფეროვან გასტრონომიულ რეგიონს ჩვენს ქვეყანაში. ბორანო და იახნი უძველესი აჭარული კერძებია, რომელთა მომზადებას გამორჩეული წესები აქვს. ძველად აღნიშნული კერძის მომზადებას განსაკუთრებული მიზეზი ჭირდებოდა როგორიცაა დღესასწაული ანდაც სტუმრიანობა. ცეცხლაძეების ოჯახი ტრადიციების და წინაპრების დანატოვარი რეცეპტით ამ კერძების უცვლელად შენარჩუნებას ემსახურება. ამ მხარეში სტუმარი უყვარდათ, ხოლო “ანა-თეოში” კი თვლიან, რომ აქ მოსული ყოველი ადამიანი, მათი ოჯახის წევრია. ალბათ სწორედ ამიტომაც ოჯახის დაწყებული საქმე წლებია უწყვეტად გრძელდება,“ანა-თეოს” წინ კიდევ ბევრი მიზანი და გეგმა აქვს.

სოფ. მუხაესტატე, ქობულეთი, აჭარის არ